მოსწავლის ქცევის კოდექსი

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების საგანი

  • 1. მოსწავლის ქცევის კოდექსი (შემდგომში, ,,ქცევის კოდექსი”) არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე, სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.
  • 2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას.
  • 3. სკოლა ვალდებულია, ყველა მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს გააცნოს მოსწავლის ქცევის კოდექსი.
  • 4. სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ქცევის კოდექსს.

მუხლი 2. ქცევის კოდექსის მიზანი

  • 1. ქცევის კოდექსის მიზანია, დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები.
  • 2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის, სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.

მუხლი 3. რეგულირების სფერო

  • 1. ქცევის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სკოლის ყველა მოსწავლეზე.
  • 2. სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სკოლაში დასაქმებული სხვა პირები და მშობლები ხელს უწყობენ მოსწავლეს ქცევის კოდექსის დაცვაში.
თავი II. მოსწავლის ქცევის წესები

4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება

  • 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
  • 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს.

მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება

  • მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.

მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი

  • მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.

მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს

  • 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.
  • 2. გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები.
  • 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე.
  • 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით.
  • 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
  • 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად.
  • 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.
  • 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე.
  • 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას.
  • 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები
მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:

  • ა) თამბაქოს ნაწარმი;
  • ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად;
  • გ) სანთებელა ან ასანთი;
  • დ) ალკოჰოლური საშუალებები;
  • ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
  • ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;
  • ზ) აზარტული თამაშის საშუალებები;
  • თ) უხამსობის ამსახველი ნივთები;
  • ი) ნარკოტიკული საშუალებები;
  • კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები.
  • ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის

  • მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.