თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების საგანი
- 1. მოსწავლის ქცევის კოდექსი (შემდგომში, ,,ქცევის კოდექსი”) არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე, სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.
- 2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას.
- 3. სკოლა ვალდებულია, ყველა მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს გააცნოს მოსწავლის ქცევის კოდექსი.
- 4. სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ქცევის კოდექსს.
მუხლი 2. ქცევის კოდექსის მიზანი
- 1. ქცევის კოდექსის მიზანია, დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები.
- 2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის, სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.
მუხლი 3. რეგულირების სფერო
- 1. ქცევის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სკოლის ყველა მოსწავლეზე.
- 2. სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სკოლაში დასაქმებული სხვა პირები და მშობლები ხელს უწყობენ მოსწავლეს ქცევის კოდექსის დაცვაში.
თავი II. მოსწავლის ქცევის წესები
4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება
- 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
- 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს.
მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება
- მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი
- მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.
მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს
- 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.
- 2. გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები.
- 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე.
- 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით.
- 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
- 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად.
- 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.
- 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე.
- 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას.
- 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები
მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:
- ა) თამბაქოს ნაწარმი;
- ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად;
- გ) სანთებელა ან ასანთი;
- დ) ალკოჰოლური საშუალებები;
- ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
- ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;
- ზ) აზარტული თამაშის საშუალებები;
- თ) უხამსობის ამსახველი ნივთები;
- ი) ნარკოტიკული საშუალებები;
- კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები.
- ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.
მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის
- მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.